ოპერაციები

KBOC სამუშაოებს აწარმოებს ნინოწმინდას ნავთობის საბადოზე, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონში. სამუშაო ფართობზე რელიეფი მთაგორიანია და ჩრდილოეთით მთიანი. სიმაღლე, ზღვის დონიდან, მერყეობს 850 მეტრსა და ჩრდილეთით - 1300 მეტრს შორის. საშუალო ტემპერატურა 13o-14o C-ია.
ნინოწმინდას საბადოზე პირველი, №2-ე ჭაბურღილი, გაიბურღა 1979 წელს. ამ ჭაბურღილიდან მიღებული იქნა კომერციული მნიშვნელობის ნავთობი.

ამჟამად, საბადოზე მოპოვება ხორციელდება 9 ჭაბურღილიდან. მოპოვება, ჭაბურღილების უმეტესობიდან, ხდება შადრევნირების მეთოდით, პერიოდული გაზლიფტის საშუალებით. მოპოვებული ფლუიდი ჯერ გროვდება შემკრებ პუნქტში განთავსებულ დაკალიბრებულ საზომ რეზერვუარებში, საიდანაც შემდგომ გაიტუმბება სათავე ნაგებობის რეზერვუარებში.

სათავე ნაგებობაზე ფლუიდი გადის სამფაზიანი სეპარაციის პროცესს, რის შედეგადაც გამოყოფილი გაზი მიეწოდება გაზის ადგილობრივ გამანაწილებელ ქსელს. ფლუიდისგან გამოყოფილი თავისუფალი წყალი იჭირხნება წყლის ჩასაჭირხნ ჭაბურღილში, ხოლო ნავთობი ინახება შემკრებ რეზერვუარებში. სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე მდებარეობს კომპანიის ლაბორატორია, სადაც ყოველდღიურად ხორციელდება თითოეული ჭაბურღილისა და შემკრები რეზერვუარის ნავთობისა და წყლის ანალიზი.

ფლუიდის ტრანსპორტირება

თვეში ერთხელ, ნავთობი, შემკრები რეზერვუარებიდან, იტუმბება ნავთობჩამოსასხმელ პუნქტში, საიდანაც, საბოლოო გაზომვის მიზნით, ხდება მისი ავტოცისტერნებით ტრანსპორტირება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სათავე ნაგებობაზე.

 

უსაფრთხოება

ნინოწმინდას ნავთობის საბადოსა და სათავე ნაგებობის, ასევე ტექნიკის, მანქანა-დანადგარების, შენობა-ნაბეგობებისა და სამუშაო იარაღების დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. არსებული ჭაბურღილის პირების, გამავალი მილსადენებისა და რეზერვუარების 24/7 რეჟიმში კონტროლსა და მონიტორინგს უზრუნველყოფს მობილური უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც პატრულირებენ მილსადენების გასწვრივ. გარდა ამისა, კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, განუსაზღვრელი პერიოდულობით, დეტალურად, ამოწმებენ ნავთობისა და გაზის მთელ ქსელს.